როგორ შევარჩიოთ სათამაშო
თამაშის ბავშვის განვითარებაში განსაკუთრებულ როლს ასრულებს. ის არა მხოლოდ გართობისა და დროის სასიამოვნოდ გატარების საშუალებაა, არამედ ხელს უწყობს სხვადასხვა მნიშვნელოვანი უნარების განვიარებას:
შემეცნებითი და აკადემიური უნარები (ლოგიკური მსჯელობა, ზომის, ფორმის, ფერის აღქმა, რაოდენობრივი მსჯელობა, წერა-კითხვა და სხვ.);
მსხვილი და ნატიფი მოტორული უნარები (მსხვილი მოტორული უნარებია: სიარული, ხტუნვა, სასრიალოზე სრიალი, ბურთით თამაში… ნატიფი მოტორული უნარებია: ძერწვა, ხატვა, წერა, მძივების აწყობა, კონსტრუქტორებით თამაში…), მეტყველება (საუბარი, სხვისი საუბრის გაგება);
სოციალური უნარები (თანატოლობთან და უფროსებთან ურთიერთობა, წესების გათვალისწინება, რიგის დაცვა და ა.შ.);
ადაპტაცია/თვითმოვლა (მაგ: დამოუკიდებლად ჩაცმა-გახდა, ჭამა, სივრცეში გადაადგილება და სხვ.);
ემოციების მართვა (წარუმატებლობასან შეგუება, ნებისყოფის გამომუშავება, ემოციების ადეკვატურად გამოხატვა).
ამ სტატიაში ჩვენ მოგიყვებით, როგორ შევარჩიოთ სათამაშო ისე, რომ მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი ბავშვის განვითარებას ყველა სფეროში.
ჩვილობის პერიოდი ესაა ბავშვის პირველი კონტაქტი გარესამყაროსთან. ამ დროს ბავშვი იწყებს მის შემეცნებას გრძნობის ყველა ორგანოს გამოყენებით: ეხება საგნებს, გემოს უსინჯავს, ატრიალებს საკუთარი თვალების წინ, სუნავს, არტყამს სხვა საგნებზე და უსმენს ხმას.
მნიშვნელოვანია, სათამაშოები შევარჩიოთ ისე, რომ შეეძლოს ხუთივე სენსორული არხის გააქტიურება. დაგვჭირდება: ჩხრიალები (სასურველია, სხვადასხვაგვარ ხმებს გამოსცემდნენ), საღეჭი სათამაშოები, სხვადასხვა ფაქტურის სათამაშოები, სუსტად მანათობელი (მკვეთრი ნათების სათამაშოებმა შეიძლება გამოიწვიოს ზედმეტი აღგზნება) ან მკვეთრი ფერის სათამაშოები, საწოლის თავზე დასამაგრებელი მბრუნავი სათამაშოები, რომელიც უკრავს სასიამოვნო მელოდიას (აჯობებს, არ იყოს სიმღერა, რადგან მსგავსი ქართულენოვანი სათამაშოები არ არსებობს, უცხო ენის მოსმენა კი არ არის რეკომენდირებული მეტყველების გამართულად დაწყებამდე). ხელის გაწვდენის მანძილზე ჩამოკიდეთ სათამშოები რეზინზე, რომელსაც მოქაჩავს და მიიტანს სახესთან ახლოს.
თამაშის დროს უფროსმა უნდა წაახალისოს (გაუღიმეთ, დაუყვავეთ…), რომ მოახდინოს მზერის ფიქსაცია სათამაშოზე, ასევე მზერა გააყოლოს მოძრავ ობიექტებს (მკვეთრი ფერის სათამაშოს ადვილად აღიქვამს ბავშვი), დაიკავოს სათამაშო ჯერ ერთ, მოგვიანებით კი ორივე ხელში ერთდროულად, გადაიტანოს სათამაშო ერთ ხელიდან მეორეში.
გაითვალისწინეთ, რომ სანამ ბავშვი დამოუკიდებლად შეძლებს სათამაშოს ხელში დაკავებას, თქვენ უნდა ჩაუდოთ გაშლილ ხელში, მოახრევინოთ თითები და დაეხმაროთ, რომ შეინარჩუნოს ის ცოტა ხანს. ასევე თქვენ უნდა დაეხმაროთ მმოგვიანებით, რომ საგანი, რომელიც უჭირავს ხელში ამოძრაოს, მიიტანოს პირთან, მოკიდოს მეორე ხელი, შეახოს/ სხვა საგნებს.
სათამაშო თავიდან დაიკავეთ მასთან ახლოს, ისე რომ ადვილად შეძლოს მისი მოპოვება, შემდეგ კი მანძილი დააშორეთ, ასევე დაიკავეთ ოდნავ მის მარჯვნივ, მარცხნივ, ზევით, ქვევით. დაეხმარეთ, ისწავლოს საგნის პირთან მიტანა. ტრიალის, ცოცვის, ხოხვის წასახალისებლად წოლის დროს მისი საყვარელი საამაშოები დაალაგეთ მისგან ოდნავ მოშორებით სხვადასხვა მხარეს, რათა ჰქონდეს მოტივაცია გადასაადგილებლად.
უსაფრთხოებისთვის გაითვალისწინეთ: ამ ასაკში სათამაშო არ უნდა იყოს მძიმე, არ უნდა ჰქონდეს ბლაგვი კიდეები და დამზადებული იყოს უსაფრთხო მასალით (არ შეიცავდეს მძიმე მეტალებს ან სხვა ტოქსიკურ ნივთიერებებს).

ცხოვრების მეორე წელს ბავში აქტიურად ივითარებს მსხვილ მოტორულ უნარებს (დგომა, სიარული, ბურთით თამაში) და იწყებს მეტყველებას, რაც საშუალებას აძლევს, დაამყაროს ურთიერთობები ადამიანებთან, უფრო აქტიურად შეიმეცნოს სამყარო. მიღებული მრავალფეროვანი შთაბეჭდილებები ამდიდრებს მის ემოციებს და იწყებს ამ ემოციების სხვადასხვა საშუალებით გამოხატვას.
სათამაშოები, რომლითაც დიდი ალბათობით დაინტერესდება ამ დროს ბავშვი და მიიღებს მაქსიმალურ სარგებელს არის: სხვადასხვა ზომის, სიმძიმისა და ფაქტურის ბურთები, ხმოვანი და მანათობელი მექანიკური სათამაშოები, ბლაგვკიდეებიანი პლასტმასის ან ნაჭრის კუბიკები, პირამიდა, ბორბლებიანი სატარებელი სათამაშოები, მანქანები (მიუხედავად სქესისა), თოჯინები (მიუხედავად სქესისა) და რბილი სათამაშოები, ცხოველების ფიგურები, ხმოვანი და სქელფურცლებიანი, ასევე აბაზანის წიგნები, საბავშვო მუსიკალური ინსტრუმენტები. ასევე დაგჭირდებათ საბავშვო ხალიჩა ან ხალიჩა ფაზლები. ვესტიბულური შეგრძნებების (წონასწორობისა და კოორდინაციის) განვითარებისთვის მნიშვნელოვანია საქანელა, სარწეველა სათამაშო მოწყობილობები.

თანდათან ნატიფი მოტორიკის განვითარებისთვის აქტუალური ხდება სახატავი საშუალებები (ძირითადად ფანქრები და ცარცი, რომლებივ არ უნდა შეიცავდეს ტოქსიკურ მინარევებს. საწყის ეტაპზე მოერიდეთ ფლომასტერებს და მარკერებს. ასევე სახატავი საშუალებების გამოყენებისას დარჩით მასთან, რომ არ ჩაიდოს პირში), მოზაიკა, ასაწყობი მძივები, კონსტრუქციები, პლასტილინი, სათამაშო ცომები…
შემეცნებითი უნარების განვითარებაში დაგეხმარებათ სხვადასხვა სახის კონსტრუქციები და ლოგიკური თავსატეხები, იზრდება წიგნების როლი.
მსხვილი მოტორიკისთვის შეგიძლიათ შეიძინოთ: ბორბლებიანი მოწყობილობები (თვითგორია, ველოსიპედი, მანქანა და ა.შ.), კალათბურთის ფარი…
როლური თამაშებისთვის კარგია სამზარეულოს (ისევ სქესის განურჩევლად), ექიმის, ხელოსნის და ა.შ. ნივთები.

3 წლისთვის კვლავ აქტუალურია ზემოთ აღნიშნული სათამაშოები და შეგვიძლია შემოვიტანო მარტივი სამაგიდო თამაშები (შესაძლოა უფრო ადრეც). კარგი იქნება ნახატებიანი ლოტოთი დაწყება, შემდეგ ნახატებიანი დომინო, ლოტო ასოციაციები, „მემო“ და სხვ.
ეს თამაშები გვეხმარება ისეთი სოციალურ-ემოციური უნარების განვითარებაში, როგორიცაა: წესების დაცვა, დალოდება, მარცხთან/წარმატებასთან შეგუება, სხვისი ემოციების გაგება, თანაგრძნობის გამოხატვა. ასევე ამრავალფეროვნებს მეტყველებას და ხელს უწყობს აზროვნების განვითარებას. სამაგიდო თამაშები ასევე საჭიროა მაგიდასთან ჯდომისა ჯგუფურ აქტივობებში ჩართვის ჩვევების გამომუშავებისთვის.
არ უნდა დაგვავიწყდეს ფაზლები, რომლებიც ერთდროულად ხელს უწყობს ნატიფი მოტორიკის, ვიზუალური აღქმის და სხვა შემეცნებითი უნარების გავარჯიშებას (ფორმების გარჩევა, რიცხვების ცნობს და სხვ…).

წინა სასკოლო ასაკში აქტუალური ხდება სათამაშოები, რომლებიც ხელს უწყობენ საწყისი აკადემიური უნარების განვითარებას: კითხვას, რიცხვების ცნობას, რაოდენობრივ გარჩევას…
სკოლის ასაკის ბავშვებისთვის ასევე სასურველია სხვადასხვა სახის შემეცნებითი სათამაშოები, თუმცა არც მოტორული აქტივობები უნდა დაგვავიწყდეს: ლახტი, ბადბინტონი, როლიკები, სკეიტი, ორთვლიანი ველოსიპედი და ა.შ.
და ბოლოს, ეთამაშეთ ბავშვს ისე, თითქოს მისი თანატოლი იყოთ. მოთავსდით მასთან ერთად ხალიჩაზე ან ითამაშეთ ფეხბურთი ეზოში. გამოხატეთ ინტერესი იმ აქტივობის მიმართ, რომლითაც ხართ დაკავებული და ამ დროს გვერდით გადადეთ სხვა საქმიანობები. ესაუბრეთ როგორც თანასწორს. ყოველთვის შეაქეთ და გაუღიმეთ როდესაც რამეს კარგად აკეთებს ან ცდილობს. გახსოვდეთ, რომ თქვენი მხარდაჭერა კრიტიკაზე მეტად სჭირდება.
გისურვებთ მხიარულ და ნაყოფიერ თამაშს!
ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოლოგი
ლიკა ბაღაშვილი
